English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილი
ინვესტიციური უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია „ინვესტიციური უსაფრთხოების“ ცნებისადმი სხვადასხვა მიდგომები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზაციისა და ტრანსნაციონალი-ზაციის პირობებში.

ინვესტიციური უსაფრთხოების განხილვა შესაძლებელია როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტის სახით, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ინვესტირებას ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიზნით, აგრეთვე იგი შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებელ კატეგორიად, რომელიც ზემოქმედებს ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. ინვესტიციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შემუშავდეს ინვესტიციური რისკების მართვის მკაფიო მექნიზმი, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიკური პროგნოზირების სისტემის განვითარებას, სტრატეგიულ დაგეგმვას და თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას.

საკვანძო სიტყვები. ინვესტიციური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, ინვესტიციური რისკები. 

შესავალი

ბოლო წლებში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრობლემები აქტიურს ხდის ამ საკითხის მიმართ კვლევას. დეფინიციები, რომლებიც ხსნიან „ეკონომიკური უსაფრთხოებისა“  და „ინვესტიციური  უსაფრთხოების“ არსს, საკმაოდ მრავალფეროვანია. უცხოურ და სამამულო ლიტერატურაში ამ ცნებების მიმართ და მათი ურთიერთკავშირის განსაზღვრისათვის არ არსებობს ერთიანი მიდგომა.

ინვესტიციური სფერო წარმოადგენს ეკონომიკური სისტემის ქვესისტემას, ამიტომ ლოგიკურია, რომ უსაფრთხოების განხილვა მოხდეს ეკონომიკურ და ინვესტიციურ სფეროში. ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში მდგრადი განვითარებისა და ზრდის გარანტიის უზრუნველყოფა. მეურნეობის არსებულ პირობებში ინვესტიციური უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გააზრებული. 

არსებობს პირდაპირი სტრუქტურული ურთიერთკავშირი ინვესტიციებსა და ეკონომიკურ დინამიკას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციების ზრდა რეალურ ეკონომიკურ სფეროში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და პირიქით, ინვესტიციების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ვარდნა. ეკონომიკური უსაფრთხოება უმეტესად დამოკიდებულია ინვესტიციური უსაფრთხოების დონეზე.

ინვესტიციურ უსაფრთხოებას გააჩნია შედარებითი ხასიათი, რადგანაც ეკონომიკური გარემოს განვითარების პირობებში შეუძლებელია გამოვლინდეს საშიშროების ყველა წყარო და მოხდეს მადესტაბილიზებელი  ფაქტორების არსებობის შესაძლო შედეგების ნეიტრალიზება. აქედან გამომდინარე, ინვესტიციური უსაფრთხოების ფაქტორები შეიძლება დავყოთ ორ  ჯგუფად: ეკონომიკური უსაფრთხოების სტაბილიზაციისა და დესტაბილიზაციის ფაქტორებად ინვესტიციურ სექტორში. მასტაბილიზებელი ფაქტორები მოიცავენ ინვესტიციურ პოტენციალს და ინვესტიციურ მიმზიდველობას. ობიექტის ინვესტიციური პოტენციალი განსაზღვრავს არსებულ შესაძლებლობებს ინვესტიციური მიზნების რეალიზაციისათვის (ბუნებრივი, ფინანსური, ინფორმაციული რესურსები და ა.შ.). ინვესტიციები განსაზღვრავენ მთლიანად ეკონომიკური ზრდის ხასიათს ქვეყანაში და საფუძველს უყრიან მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას [2].

დღეისათვის „ინვესტიციური უსაფრთხოების“, როგორც ტერმინის მრავალი დეფინიცია არსებობს. მკვლევართა ნაწილი ინვესტიციურ უსაფრთხოებას განიხილავს, როგორც ინო­ვაციურ ეკონომიკაზე გადასასვლელ აუცილებელ ბაზისს და როგორც ეროვნული სისიტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის.  ამ დროს საჭირო ხდება ეკონომიკის რეალური სექტო­რისკენ მიმართული  ინვესტიციური რესურსების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნ­ველყოფა.

პრაქტიკულად თითქმის ყველა მკვლევარი ინვესტიციურ უსაფრთხოებას განიხილავს სისტემური მიდგომის კუთხით, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ინვესტიციური კლიმატის ფორმირებისას გამოყენებული განსაზღვრული ხერხის, მეთოდის ზემოქმედება. უმეტესობა ავტორებისა ემხრობა პოზიციას, რომლის ჩარჩოებშიც ინვესტიციური უსაფრთხოება განიხილება  ზოგადად ეროვნული ეკონომიკის დაცვის ინსტრუმენტად. რიგი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ ამ განსაზღვრებაში ძირითადი ასპექტი ინვესტიციური ინფრასტრუქტურაა, რომლის სტრუქტურაც ინსტიტუტებით განისაზღვრება. ინვესტიციური რესურსების აკუმულირების როლს თავის თავზე იღებენ ინსტიტუტები. მათი სამეწარმეო ფირმების საქმიანობაში ჩადების მიზნით ისინი გამოდიან შუამავლის როლში კაპიტალსა და სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს შორის, ახდენენ რა ინვესტიციური კაპიტალის ფორმირებას. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტების აქტიურობა უმეტეს შემთხვევაში განისაზღვრება ასეთი ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობით [1].

ამგვარად, ინვესტიციური უსაფრთხოება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ როგორც ინვესტიციური საქმიანობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო შედარებით ეფექტურად მოვიზიდოთ ინვესტიციები, არამედ უზრუნველვყოთ ეკონომიკის იმ დარგების დაცვა უცხოური კაპიტალის ზემოქმედებისაგან, რომელთაც სტრატეგიული დანიშნულება გააჩნიათ.

ტერმინები ინვესტიციური უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამასთანავე ინვესტიციური უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ელემენტს წარმოადგენს. ტერმინი ინვესტიციური უსაფრთხოება დაკავშირებულია იმ საფრთხეების შესაძლო გამოვლენაზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ინვესტიციური პროექტების რეალიზაციისას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში არავინაა დაზღვეული სარისკო სიტუაციების დადგომისაგან და შესაბამისი დანაკარგებისაგან [4].

მთლიანობაში რისკის ქვეშ მოიაზრება ორგანიზაციული, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის შესაძლო დანაკარგები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ზოგიერთი არაკეთილსასურველი სიტუაციის დადგომისას სამრეწველო-სამეურნეო საქმიანობის დროს.

ინვესტიციური პროექტების რეალიზაციისას ინვესტიციური რისკი წარმოგვიდგება, როგორც ფინანსური დანაკარგების წარმოშობის ალბათობა გაურკვეველი პირობების შედეგად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტიციური საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკების შესაძლო წარმოშობასთან [7].

ზოგადად, ინვესტიციური რისკი შეიძლება დაიყოს საერთო და სპეციფიკურ რისკებად.  საერთო რისკებში იგულისხმება ინვესტირების ობიექტების რისკები, ხოლო სპეციფიკურში —  ინვესტიციური პორტფელის რისკები.

ინვესტიციური საქმიანობის ყველა მონაწილისა და  წყაროებისათვის დამახასიათებელია საერთო რისკები, რომლებიც, როგორც წესი, დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე და არ არის დამოკიდებული საწარმოს საქმიანობასა და ინვესტორებზე.

მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოვყოთ რისკები, რომლებიც დამახასიათებელია ინვესტირებული ობიექტების სხვადასხვა ტიპებისათვის, რომელთა მიხედვით რისკები შეიძლება იყოს ქვეყნის, რეგიონული, დროებითი, კრედიტული, ოპერაციული, არალიკვიდურობის და სხვ.

ზემომოყვანილი კლასიფიკაცია მოწმობს იმაზე, რომ არსებობს რისკებისა და ფაქტორების უამრავი რაოდენობა, რომლებსაც ექვემდებარება ინვესტიციური საქმიანობა.

როდესაც საუბარია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაზე, სასურველია გავითვალისწინოთ რეგიონის თავისებურებები. რეგიონული ეკონომიკა მოიცავს საქმიანობისა და სექტორების მრავალ სახეს. აქედან გამომდინარე რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოება საჭიროა განვიხილოთ, როგორც ფინანსური, ენერგეტიკული, ინვესტიციური, საწარმოო, სამეცნიერო-ტექნიკური, საგრეო-ეკონომიკური, კვების უსაფრთხოების ერთობლიობა. ეკონომიკური უსაფრთხოების ასეთი მრავალფეროვანი კომპონენტები შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ მისი ცალკეული მიმართულებების მართვა უფრო მარტივი და შედარებით ეფექტიანია [8].

ინვესტიციური უსაფრთხოების არსის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ მისი შედარებით მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ქვეყნები აუცილებელია გაერკვნენ ინვესტიციური სექტორის სიტუაციაში, რომელიც გულისხმობს შიგა და  საზღვარგარეთული ინვესტიციების სრულ, ეფექტიან გამოყენებას, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საზღვარგარეთული კაპიტალისაგან ეკონომიკის სექტორების დაცვას.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციური კლიმატი ითვლება საერთო კრიტერიუმად ინვესტიციური რესურსების განთავსებისა და ეფექტიანი გამოყენებისათვის. კეთილსასურველი ინვესტიციური კლიმატი საშუალებას გვაძლევს ეფექტიანად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ ინვესტიციები. კეთილსასურველი ინვესტიციური კლიმატი კი სტიმულირებს ქვეყანაში კაპიტალის იმპორტს და ზრდის ინვესტორების აქტივობას. თუკი სახელმწიფოში არ ხდება კეთილსასურველი ინვესტიციური კლიმატის ფორმირება, იზრდება ინვესტიციური რისკის დონე, კაპიტალი გაედინება და შედეგად ინვესტიციური აქტივობა იწყებს შენელებას.

ინვესტიციები ეკონომიკაში განსაზღვრავენ ეკონომიკური უსაფრთხოების ეფექტიანობას. როგორც წესი, ნაკლები ყურადღება ეთმობა ინვესტიციური პროცესების ზემოქმედების შეფასებას რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოების ფორმირებაზე. უზრუნველყოფენ რა მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციები ითვლება რეგიონის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად. აქტიური ინვესტიციური პროცესი განსაზღვრავს რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ქმნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების შესაძლებლობას.

ექსპერტ-ანალიტიკოსების აზრით, კრიზისის დროს, მიუხედავად მისი ბუნებისა, ხდება კაპიტალის გადადენა ფორმირებადი ბაზრებიდან განვითარებულ ეკონომიკებში ძლიერი ფინანსური სისტემებით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში, არცერთი საწარმო არ არის დაზღვეული სარისკო სიტუაციების წარმოშობისაგან და შესაბამისი ეკონომიკური და სხვა დანაკარგებისაგან. აქედან გამომდინარე საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანა ინვესტიციური საქმიანობის ეფექტური მართვა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მოხდეს ასეთი საქმიანობის განხორციელების ვარიანტული პროექტირების შესაძლებლობა: უნდა შემუშავდეს ინვესტიციური პროექტების რეალიზაციის რამდენიმე სცენარი, სარისკო სიტუაციების შესაძლო წარმოშობისას ინვესტიციური  და საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამ­შრომლების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული არაკეთილსასურველი შედეგების აღმოსაფხვრელად.

თუ სერიოზულად მივუდგებით რისკების მართვის პროცესის განხილვას ინვესტიციური საქმიანობის კუთხით, მაშინ იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც განსაკუთრებული ქმედება, რომელიც სარისკო სიტუაციების გამოვლენის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზაციისაკენაა მიმართული  და საფინანსო-ეკონომიკური ხასიათი გააჩნიათ. ასეთი ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინვესტიციური რისკების იდენტიფიკაციასთან, შეფასებასთან, დაზღვევასთან და თავიდან აცილებასთან [4].

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აუცილებელია განიხილონ როგორც რისკის დონის, ისე შესაძლო დანაკარგების შემცირების შესაძლო ვარიანტები. აქედან გამომდინარე, საწარმოს ინვესტიციურ საქმინობაში რისკებზე ზემოქმედება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: ინვესტიციური რისკების აღმოფხვრის კომპლექსური ზომების შემუშავება და რეალიზაცია მიმართული საშიშროების დადგომის ალბათობის შემცირებისაკენ, რომლებიც უარყოფითად ზემოქმედებენ კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე; რისკის შედეგების შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება და რეალიზაცია, რომლებიც მიმართულია მოსალოდნელი უარყოფითი გადახრის მინიმი­ზაციისაკენ. 

დასკვნა

ინვესტიციური რისკების შემცირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. კერძოდ, ინვესტიციური რესურსების გარდა, უნდა მოხდეს პროექტის კალენდარული გეგმის კორექტირება ცვალებადი პირობების მიმართ; დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს ინვესტიციური ბაზრის შესწავლის მიზნით; მუდმივად უნდა ხდებოდეს საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესწორება ცვალებად პირობებთან მიმართებით.

აღნიშნული ღონისძიებების რეალიზება შესაძლებელია შემდეგი ინსტრუმენტების მეშვეობით:

- რისკების დაზღვევა;

- თანაინვესტორების მოზიდვა;

- სხვადასხვა სახის გრანტების მოზიდვა და სხვ.

ინვესტიციური რისკების მართვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით  შესაძლებელია საწარმოს ინვესტიციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მეთოდებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

- რისკების შთანთქმა;

- რისკების თავიდან არიდება;

- გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის ინვესტიციური რესურსების რეზერვების შექმნა;

- რისკის გაჩერება;

- რისკის გადატანა;

- რისკების განაწილება პროექტის მონაწილეებს შორის.

შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა  გააჩნდეთ რისკების გამოვლენის უნარები და შეეძლოთ ინვესტიციური რისკების მართვის ორგანიზება, აგრეთვე იმ ღონისძიებების შემუშავებისა და გამოყენების გამოცდილება, რომლებიც მიმართული იქნება რისკების შემცირებისაკენ.  რისკების მართვისას უნდა გამოიყენონ მართვის თანამედროვე მეთოდები და ხერხები. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Агрба З.,  Теоретические основы экономической безопасности государства в инвестиционной сфере. Государственная служба. 2015; 3(95).
  2. Акрамова О.К., Обеспечение инвестиционной безопасности как автономный фактор повышения инвестиционной привлекательности. Информатика. Экономика. управление //2022;1(2).
  3. Бобоев А.Ч., Эффективность привлечения иностранных инвестиций в регионы. Интернаука. 2019.
  4. Иванова Н.А., Дорожкина Е.Г., Елистратова Н.Н., Инвестиционная безопасность как составляющая системы экономической безопасности. Научно-теоритечский журнал №1, 2022.
  5. Илякова И.Е., Институциональные условия инновационного развития экономики: региональный аспект. регионология. 2014.
  6. Минервич И.Г., Инвестиционный процесс и экономическая безопасность //ЭСПР. 2017. №1.
  7. Ножкина Е.Б., Актуальные проблемы развития системы обеспечения  инвестиционной безопасности  // Вестник  Саратовского государственного  социально-экономического университета. 2017, №5.
  8. Плотников А.Н., Инновации и риски: монография /Попов А.В., Плотников  Д.А.,  Плотников  А.Н. Саратов. КУБИК. 2015.